საკუთარი ჯოჯოხეთი

  • Thursday, May 12, 2011
  • Unknown
  • ,,აი მარტოობა კი, ნამდვილი მარტოობა,ყოველგვარი ილუზიის გარეშე, რამდენადმე წინ უსწრებს სიგიჯეს ან თვითმკვლელობას"
                                         ერიხ მარია რემარკი ,,სამი მეგობარი" 


    ადამიანი მარტო არასდროსაა, ვერასოდეს ვერ იქნება... მისი ფიქრები, მისი წარსული, მომავალი, ემოციები მუდამ თან სდევს, არასოდეს ტოვებს... ყოველთვის თავს ახსენებენ... რატომ გვჭირდება საზოგადოება, ხალხმრავალი ადგილები... ურთიერთობები... ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, ერთადერთი თუ არა ჩვენი ფიქრების გაჩუმება, მათი ხმის ჩახშობაა... ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის გვინდა, რომ აწმყო შევქმნათ... აწმყო, რომელიც დამაკავშირებელი ხიდია მომავალთან... მითხარით რამდენი ადამიანი ზრუნავს დღევანდელზე ყოველგვარი ქვეცნობიერი მომავლის გარეშე... თითქმის არავინ (ან არავინ), მაგრამ მხოლოდ წარსულია შედარებით რეალური... სიხარულით, ტკივილით, იმედგაცრუებით, წარმატებით... მაგრამ საკმარისია მარტო დარჩე... ,,მარტო საკუთარ თავთან"... მაშინვე აიშლებიან ფიქრები... არა ადამიანური სიმძაფრით განიცდი ყველა შენს სისუსტეს, რასაც გულმოდგინედ ებრძვი და მალავ... ფიქრები, რა შეგეძლო გაგეკეთებინა და არ გააკეთე... რა შეგიძლია და არ აკეთებ... და ბოლოს... და ბოლოს მოდის ყველაზე საშინელი კითხვა... ,,და ბოლოს რა? და მერე რა?"... და გინდა იკივლო... იტირო... ილაპარაკო თუნდაც არავინ გისმინოს... ოღონდ ეს აჩრდილები დააფრთხო და მოიშორო... მაგრამ ისინი არსად მიდიან... იზრდებიან... მუქდებიან... უფრო მკაფიოდ გესმის მათი ხმა... ხმა რომელიც მარტო ერთ კითხვას გიმეორებს - ,,და ბოლოს რა? და მერე რა? და შენც იძირები ამ ჭაობში... გრძნობ როგორ გითრევს და იმასაც გრძნობ, რომ რაც არ უნდა იფართხალო, მარტო უარესია... კითხვა კი ისევ გესმის... გრძნობ როგორ გიხურს ტვინი... ფეთქავს გული... და უკვე საკუთარი ხმა გესმის ,,და ბოლოს რა? და მერე რა?


    " ... და რადგან თვით გადარჩენის ინსტიქტი ყველაზე ძლიერია იწყებ, ეძებ პასუხს ამ კითხვაზე... იხსენებ მიზეზებს და მიზნებს, მაგრამ ხვდები, რომ ამით მხოლოდ თავს არიდებ კითხვას... არავინ იცის და მერე რა და ბოლოს რა... კადრივით უყურებ წარსულს და რეჟისორივით დგამ მომავალს... მაგრამ ჭაობის სიმყრალეს უფრო მკაფიოდ გრძნობ... ფიზიკური სისუსტე არაფერია სულიერ, ემოციურ სისუსტესთან შედარებით... ეს უკანასკნელი ბევრად მტკივნეულია... იმდენად მახინჯი და გულისამრევია, როგორც პერსევსის გორგონა მედუზა... და ტკივილი უფრო მძაფრდება... ჭკუიდან გადაყავხარ იმ აზრს, რომ ეს სიმახინჯე შენშია... შენს გულში... გონებაში... ვენებში... შენში ცოცხლობს და შენით იკვებება... აცნობიერებ, რომ ყველა შენი უკან გადადგმული ნაბიჯი... ან ნაბიჯი რომელიც წინსვლისთვის არ გადაგიდგამს მისთვის იყო... მისი სიცოცხლისთვის... ის კი იზრდება... ძლიერდება... და შენც ისევე გამახინჯებს, როგორიც თვითონ არის... ჭაობი კი აუღელვებლად მუშაობს... მას არსად ეჩქარება... იცის, რომ შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი... იცის რომ შენც ვერსად გაექცევი... ისევე გადაგყლაპავს, როგორც მრავალი მილიარდი გადაყლაპა შენამდე... და ისიც იცის, რომ კიდევ მრავალი იქნება შენს მერე... და როცა ამის გათვითცნობიერებას იწყებ შენი რეჟისურა... ის მომავალი, რამოდენიმე წუთის წინ რომ შექმენი უცებ იცვლება... ხუნდება... მზე ბნელდება... მწვანე ქრება... ცარელდება და ისეთი სიჩუმე დგება, რომ სისხლი გეყინება... და გესმის ისევ კითხვა... ,,და ბოლოს რა? და მერე რა?"... გახურებულმა ტვინა სხეული დაღალა, გული ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომ მარტო ეს, მუჭისხელა კუნთი კი არა, ყველაზე პატარა კაპილარსაც კი გრძნობ და გტკივა... გრძნობ როგორ ხდები შენც აჩრდილი არჩრდილთა სამყაროში... სამყაროში სადაც სიბნელე... სიცივე...სიჩუმეა... სამყაროში სადაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ხვდები საკუთარ შეცდომებს... საკუთარ ტკივილს... საკუთარ სისუსტეებს... ხედავ როგორ გიღიმიან... გიღიმიან ისე, როგორც იუდა უღიმოდა ქრისტეს... და ვეღარ ხვდები რა უფრო ძლიერ ტკივილს გაყენებს... სირცხვილი თუ საკუთარი უსუსურობის შეგრძნება... ისინი კი გარს გეხვევიან... გახსენებენ ყველაფერს რისი დავიწყებაც გინდოდა... გრძნობ რომ დაიკარგე... გრძნობ როგორ ფორიაქობენ ფიქრები თავში ყველანაირი თანმიმდევრობის გარეშე... გრძნობ რომ კივიხარ... მაგრამ არ გესმის... გონების კივილს მარტო შეგრძნება შეიძლება... და მარტო შენ გრძნობ... ისიც მხოლოდ იმით, რომ მთელი სხეული დაჭიმულია დაძაბულობისაგან, თითქოს რაღაც კატასტროფას ელოდება...

    და ბოლოს რა? და მერე რა?... ისევ გრძნობ საკუთარ კივილს და საფეთქლების ტკივილს ჭკუიდან გადაყავხარ... გრძნობ რომ დაიღალე... გადაიწვი... სირცხვილისაგან... ტკივილისაგან... იმედგაცრუებისაგან... აჩრდილები ძალიან ნელა მუშაობენ შენს გონებაზე... ნელა იმიტომ რომ საკუთარი სიამოვნება გაიხანგრძლივონ... რატომ წვალობდი, რისთვის?... ფული?... დიდება?... სილამაზე?... ,,და მერე რა? და ბოლოს რა?" შენც ისევე წახვალ როგორც მარვალი წასულა და წავა... წახვალ და არასოდეს დაბრუნდები... შენი მსგავსიც კი აღარაფერი იქნება და რომც იყოს, თუნდაც შენი გენი რომ დარჩეს, შენ მაინც ვერაფერს გაიგებ... ვერ იგრძნობ... ვერ დაინახავ... ,,მიწა ხარ და მიწად იქცევი" ... და ისევ კივიხარ, მაგრამ იცი რომ აქ, ამ სამყაროში ვერავინ მოგაგნებს, ვერავინ გიშველი... ეს შენი მთვარის ბნელი მხარეა... მხარე რომელსაც, რატომღაც კბილებით იცავ... ყველასგან მალავ... და მხარე რომელიც შეიძლება იშვიათად მაგრამ აუტანლად მტკივნეულად გახსენებს საკუთარ არსებობას... და ზუსტად მაშინ, როცა გგონია რომ ჭაობმა თავისი საქმე აუღელვებლად და სრულყოფილად გააკეთა... მაშინ როცა გგონია, რომ გაქრი , აღარ ხარ და გაქრა ყველაფერი შენს გარშემო, მოდის ,,პანდორას ყუთის" ბოლო საჩუქარი... კინაღამ სამუდამოდ რომ გამოკეტეს... მოდის ვიწრო და ნათელ სხივად.... მაგრამ ეს ერთი შეხედვით უსუსური სინათლე დამანგრეველი ძალაა იმ უკუნითი სიბნელისა გამალებით რომ ცდილობს შენს ჩაყლაპვას... გრძნობ როგორ მიყვები ამ სხივს დაღლილი გონებით და სხეულით... იმდენად დაღლილით, რომ არც კი ფიქრობ საით მიყავხარ... უბრალოდ სითბო გსიამოვნებს და განაბული ემორჩილები... მერე სუფთა ჰაერი... სიმსუბუქე... ხვდები რომ აღარ შფოთავ... გესმის როგორ ხმაურით იხურება შენს ზურგს უკან უზარმაზარი კარები... და ძლივს აღიქვამ კარს უკან არსებულ არა ადამიანურ ხარხარს, კივილს და კვნესას... მალე ეგეც აღარ გესმის... იცი , რომ ისევ უნდა ჩაება ყოველდღიურ რუტინაში... გაგიხარდეს, გეწყინოს, აღფრთოვანდე და იმედი გაგიცრუვდეს... მაგრამ იცი, რომ არაფერი შეედრება დილის მზის, ცელქ სხივებს, მწვანე ფოთლების შრიალს, ღიმილს შენს და საყვარელი ადამიანების სახეზე, მილიონობით ფერს შენს ირგვლივ, ახალ შეგრძნებებს... გესმის როგორ ელაპარაკები საკუთარ თავს, რომ დღეიდან ყველაფერს შეცვლი... სისუსტეებს სიძლიერედ აქცევ და ყველაზე პატარა შანსსაც კი გამოიყენებ... მაგრამ... სადღაც ძალიან შორს, გულის და გონების ძალიან ბნელ კუთხეში, იცი რომ შენი ჯოჯოხეთი, შენი აჩრდილების სამყარო შენშია... მას ვერ გაექცევი და ვერც დაემალები... მოვა დრო და ეს კარიბჭე ისევ გაიხსნება... ისევ ესტუმრები საკუთარ ჯოჯოხეთს... ისევ ისე, ძალიან ნელა და ძალიან წვრილად დაგფლითავენ აჩრდილები... ისევ გადაგარჩენს და ახალ სიცოცხლეს გაჩუქებს პაწაწინა ნათელი სხივი... და ეს მოხდება ისევ და ისევ... კიდევ და კიდევ... სანამ ცოცხალი ხარ... სანამ ხარ და სანამ სუნთქავ... ყველაფერი კი ისევ ერთი კითხვით დაიწყება... ,,და ბოლოს რა? და მერე რა?! "


    0 comments:

    Post a Comment